ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელი, მილიარდერი და ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი უნგრეთში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყება სოროსის განცხადებაზე დაყრდნობით.
"კორონავირუსის პანდემია არ ცნობს საზღვრებს, მისთვის არ არსებობს განსხვავება ქვეყნებს, საზოგადოებებს, რელიგიებსა და ხალხებს შორის. მე დავიბადე ბუდაპეშტში, დიდი დეპრესიის დროს, თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც ესპანეთის გრიპის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა ბუდაპეშტში.
ვცხოვრობდი მეორე მსოფლიო ომის დროს, უნგრეთის ულტრამემარჯვენე პარტიის მმართველობის ქვეშ და ქალაქის ბლოკადისას. მახსოვს, როგორია ცხოვრება ექსტრემალურ ვითარებაში", - აცხადებს 89 წლის მილიარდერი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების 447 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 15 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 34.