ბოლო პერიოდის განმავლობაში, არა ერთმა მოქალაქემ და, ასევე, ათეულობით კომპანიამ მოგვმართა, რომ მათ სურდათ დახმარებოდნენ სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ერთიანი პლატფორმა, ერთიანი ფონდი, რომელსაც ჰქვია „StopCoV ფონდი“, რომლის მიზანიცაა ასეთი ტიპის მხარდაჭერების აკუმულირება მოხდეს ერთ წერტილში და იმის მიხედვით, თუ სად იქნება ყველაზე დიდი საჭიროებები ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეებისათვის, მოხდება აკუმულირებული თანხების მიმართვა მიზნობრივად, საჭიროებებისამებრ,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომელიც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისივე თქმით, ფონდის ანგარიშზე, ამ დროისთვის, დაახლოებით, 5 მლნ ლარია აკუმულირებული.
„ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა,“- აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, დადგება. საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევების პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო.
„პირველი პრიორიტეტი, ეს იქნება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგება და როცა დადგება. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს გაერთიანება და კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევების პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ერთიანობით ძალიან ეფექტურად გავუმკლავდებით Covid 19-ს. ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის აკუმულირებულია უკვე, დაახლოებით, 5 მლნ ლარი, აქტივობა არის ძალიან მაღალი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეები და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი ასეთ დონეზე თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან, იმისათვის, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას,“ - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.