ამ დროის მონაცემებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სულ ხუთი პირია გაწერილი. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკა კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
აღნიშნული ორი პირი იმ ხუთ ახალ გამოჯანრთელებულთაგან არის, რომელთა შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ განაცხადეს.
რაც შეეხება კიდევ სამ გამოჯანმრთელებულს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ვინაიდან მათ პნევმონია აღენიშნებოდათ, ისინი კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის დატოვეს და თუ ყველა მაჩვენებელი ნორმაში იქნება, შესაძლოა, დღეს გაწერონ.
"საქართველოში დადასტურებული 54 პაციენტიდან 35 ჩვენთან იმყოფება, 19 კი სხვა 5 დაწესებულებაში. წინა დღეებში 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს განმეორებითი უარყოფითი ტესტი მოუვიდა. 2 მათგანი უკვე გაეწერა, 3 პაციენტი კი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან. გუშინ 12 ახალ პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და 12-ვეს პასუხი უარყოფითი იყო. დღეს კიდევ 6 ახალ პაციენტს ჩავუტარებთ კვლევას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.