ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირების პერიოდში ძალიან მძიმე იყო და არსებობდა რისკი, რომ შემთხვევა ფატალურად დამთავრებულიყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.
"ჩვენ ვაცხადებდით მაინც უფრო მსუბუქად, ისეთი სახით გვინდოდა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ საშინელი პანიკა და შიში არ დათესილიყო, მაგრამ ამ გამოჯანმრთელებულებში ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო, ძალიან გვეშინოდა, რომ ცუდი პროგნოზით დამთავრდებოდა. ახლაც გვყავს მძიმე პაციენტები, საყურადღებო, დინამიკაში დასაკვირვებელი.
მოგეხსენებათ, მაგალითად გრიპის შემთხვევაში, სიმპტომები ყველაფერი ერთად ვლინდება, ამ ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის, იწყება და დინამიკაში თანდათან მატულობს სიმტპომატიკა. შეიძლება ისე დამძიმდეს მსუბუქად დაწყებული პაციენტის მდგომარეობა, რომ ფატალური შედეგიც დადგეს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 3254 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.