ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოსახლეობას მოუწოდებს, განუხრელად დაიცვან ის შეზღუდვები, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა. აიათოლა ხამენეის მოწოდება მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოქვეყნდა.
"მოგიწოდებთ ყველას, განუხრელად დაიცვათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კომიტეტის მითითებები. რელიგიური შეკრებებიც კი გაუქმებულია ირანში, რაც უპრეცედენტოა ჩვენს ისტორიაში. მაგრამ ეს გარდაუვალია.
ღმერთმა დაიცვას და განკურნოს მსოფლიოს ყველა ადამიანი ამ დაავადებისგან", - აღნიშნულია ირანის უზენაესი ლიდერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანში მკვეთრად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაშ ვირუსით ინფიცირების 21 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული, 1500-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. განიკურნა 7500-ზე მეტი პაციენტი.
კორონავირურის პანდემიის ფონზე, ირანში დაიხურა მეჩეთები, კულტურული ნაგებობები, მუზუმები. აკრძალულია სპორტული, რელიგიური და კულტურული ღონისძიებები.