მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით ამანათებს მიიღებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს.
"მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით, ამანათებს მიიღებენ, რათა მათ სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება ორი მიმართულებით - ერთი ეს იყო უფასო სასადილოები, მინდა, გამგეობის ყველა თანამშრომელს და ყველა იმ მოხალისეს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში. ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მეორე ეს არის საბავშვო ბაღები.
მე პირადად ვიმყოფებოდი გუშინ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, სადაც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, ის რაციონი, რაც თავიანთ შვილებს ბაღში უნდა მიეღოთ, სახლში წაიღონ“, - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამანათები წესების სრული დაცვით იქნება დაფასოებული.
"ასევე, შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი და ყველას, იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების სურვილი ექნებათ, სწორედ მსგავსი პაკეტებით უნდა დაგვეხმარონ“, - თქვა კალაძემ.