პირველ ეტაპზე, ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ - 2 72 22 22, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს.
"მუშაობს თბილისის ათივე რაიონის გამგეობა. უკვე გვყავს 2 500-მდე ხანდაზმული მოქალაქე, რომლებიც ჩვენს დახმარებას მიიღებენ. რაც მთავარია, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებენ, იქნებიან დაცული და შესაბამისად აღჭურვილი. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება მათი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ.
ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს პროექტის სწორად რეალიზებას. ჩვენი ყველა ქმედება უნდა იყოს კვალიფიციური და ეს რესურსი სწორად, რაციონალურად გამოვიყენოთ, რათა ხანდაზმულებს სახლიდან გამოსვლა არ მოუწიოთ“, - თქვა კალაძემ.
ყველაფერი იქნება კარგად - ამის თქმის უფლებას მაძლევს ყველა ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ინტერესზე წინ აყენებს სხვათა პრობლემების გადაჭრას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ.