ვირუსული ინფექცია ახალი კორონავირუსი, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ პანდემიად გამოცხადდა, სხვადასხვა ზედაპირზე სიცოცხლისუნარიანობას რამდენიმე დღის, ხოლო ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში ინარჩუნებს.
ასეთია ახალი კვლევის შედეგები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერები აშშ-ში შეეცადნენ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან ვირუსი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის ზედაპირზე გადაეტანათ, ხველების ან მათზე შეხების გზით.
ამის შემდეგ მეცნიერები აკვირდებოდნენ თუ რამდენი ხანი ჩერდებოდი ვირუსი საგნების ზედაპირზე.
გამოცდამ აჩვენა, რომ ხველების ან დაცემინების დროს გამოფრქვეული ვირუსი ჰაერში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში რჩება.
პლასტმასისა და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას სამი დღის შემდეგაც ინარჩუნებდა. მუყაოს ზედაპირზე ვირუსმა 24 საათის შემდეგ დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა, ხოლო სპილენძის ზედაპირზე 4 საათის შემდეგ.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მომხმარებელთა ინფიცირების რისკი ამ მასალების შეხებისგან ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.