თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა.
„მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის“, - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ ხვალიდან, ასევე, დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა.
„რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვან რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
„ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე, განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებააა“, - განაცხადა კალაძემ.