თუ გავითვალისწინებთ ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდს, გავრცელების თავისებურებებს და ევროპის გამოცდილებას, ახლა ვიმყოფებით მნიშვნელოვან ფაზაში, რომ ვითარება ხელიდან არ გაგვექცეს, - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი დიდი არ არის, არ უნდა მოვდუნდეთ.
"თუ გავითვალისწინებთ ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდს, გავრცელების თავისებურებებსა და ევროპის გამოცდილებას, ახლა ვიმყოფებით მნიშვნელოვან ფაზაში, რომ ვითარება ხელიდან არ გაგვექცეს. შემდეგი ორი კვირის შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. რა თქმა უნდა, ინფიცირებულთა მატება იქნება.
უმნიშნელოვანესია, რომ ასიმპტომური და მინიმალური სიმპტომების მქონე პაციენტები არ გამოგვეპაროს. გვაქვს უკვე მე-3 რიგის გადაცემის შემთხვევები, მე-4 რიგის გადაცემა, როდესაც წყაროს დადგენა ვეღარ მოხერხდება, დაამძიმებს სიტუაციას და შექმნის ინფექციის ფართოდ გავრცელების საფრთხეს.
სწორედ ახლა, კიდევ მეტი სიფრთხილეა საჭირო. მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანმოს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მთელი სიზუსტით შესრულებას. თვითიზოლაციაში მყოფებმა კი არ დაარღვიონ წესები", - აცხადებს ჩიხლაძე.
რაც შეეხება სამედიცნო ინსტიტუციების მზადყოფნას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტქრუტურით გამართული სამედიცინო დაწესებულებების და საწოლი ადგილების მზაობა, სადაც დაცულია საჭირო ვენტილაციის და ბოქსირების რეჟიმები, ხელმისაწვდომი იქნება ადგილზე სადიაგნოსტიკო საშუალებები და აღჭურვილობა.
"შეგახსენებთ, რომ covid-19-ის მქონე პაციენტებს სპეციფიკური პირობები სჭირდებათ და ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ მოხდება მათი მართვა, განსაკუთრებით გართულებების შემთხვევაში. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სამედიცინო პერსონალის გადამზადება და მათი უსაფრთხოება“, - ამბობს ექსპერტი.