ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს, რომ გონს მოვიდეს - განაცხადა ქადაგების დროს პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა.
"წმინდა მამების სწავლებით, ყველა სნეულება, და საერთოდ, არა მარტო სნეულება, არამედ შეიძლება ასე ვთქვათ, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება (როგორც გნებავთ, ისე დავარქვათ) - ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახის ცხოვრებაში, მთელი ერის ცხოვრებაში, - შემთხვევით არ არის, ეს ან უფლის ნებით, ან უფლის დაშვებით ხდება, როდესაც ჩვენ თვითონ მოვიწევთ ჩვენს თავზე ჩვენი დაუდევრობით და უგუნურებით.
ყოველ შემთხვევაში, ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს, რომ გონს მოვიდეს, დაფიქრდეს, ამით უფალი რაღაცას ეუბნება. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ეს სახარება ამას გვიჩვენებს, რომ აი, ამ ადამიანმა ეს გაკვეთილი კარგად გაიაზრა, დასკვნები გამოიტანა, მივიდა უფლისკენ და სულის ცხონების გზას დაადგა, შედეგად, უფალმა შეუნდო, აპატია და განკურნა", - თქვა მეუფე შიომ.