საფრანგეთს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 4 499 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსულმა ინფექციამ 91 ადამიანი იმსხვერპლა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების ფარგლებში, ქვეყანაში აიკრძალა 100-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით საჯარო ღონისძიებების ჩატარება.
ორშაბათიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები.
ვიზიტორებისთვის დაიხურა მსოფლიოში სახელგანთქმული და დამთვალიერებელთა სიუხვით გამორჩეული უდიდესი მუზეუმები - ლუვრი და ვერსალი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კრიზისია ჯანდაცვის სფეროში, რაც კი საფრანგეთის თავს დატრიალებულა.
"კორონავირუსის ეპიდემია მხოლოდ ახლა იწყება, მოსახლეობის ჯანმრთელობა აბსოლუტური პრიორიტეტია", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში.
"ჩვენ ჯერ კიდევ ამ ეპიდემიის საწყის ეტაპზე ვართ, ყველგან, ევროპაში ის ძალას იკრებს და უფრო ინტენსიური ხდება", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა მოსახლეობას მოუწოდა გაუფრთხილდნენ იმ თანამოქალაქეებს, რომლებსაც სუსტი ჯანმრთელობა აქვთ - ხანდაზმულებს, შეზღუდეული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
"ვთხოვ ყველას - ხანდაზმულებს, 70 წელს გადაცილებულებს, მათ, ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადებები ან სასუნთქი გზების დაავადებები, შეზღუდლი შეასაძლებლობების მქონე პირებს - დარჩნენ სახლში. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გარეთ გასვლა, პროდუქტების შეძენა... მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ თავიანთი კონტაქტები", - აღნიშნა მაკრონმა.
მან ასევე მოუწოდა საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, შეზღუდონ გადაადგილება.