დღეს საქართველოში ვითარება, იმასთან შედარებით, რაც მსოფლიოში ხდება, სტაბილურია, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია ჩვენთვისაც და ჩვენი მოსახლეობისთვისაც, რადგან ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის პრევენციული ღონისძიებები, რაც მთავრობამ 28 იანვრის შემდეგ დაიწყო, ნამდვილად ეფექტური იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში, ყველა კლინიკის მასშტაბით 64 პაციენტი იმყოფება და აქედან 25 პაციენტს აქვს დადასტურებული კორონავირუსი.
„მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მხოლოდ 7 პაციენტია საყურადღებო, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან განთავსებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საკარანტინო ზონაში 309 პაციენტი იმყოფება. ასევე ველოდებით დამატებითი მგზავრების მიღებას და ამისთვის საკარანტინო ზონები მომზადებულია. ხოლო 1100 პაციენტი იმყოფება თვითიზოლაციაში და მათზეც მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.