ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ რაც შეიძლება ადეკვატური ზომები კორონავირუსის პანდემიის გამო მოსალოდნელი შედეგების შესარბილებლად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სტიმულირების მექანიზმებზე, როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით.
"ეკონომიკური გუნდი უნდა შევჯერდეთ, რა იქნება სექტორული პასუხი, რა იქნება მაკრო პასუხი ფისკალური ან მონეტარული პოლიტიკის დონეზე. ამ ეტაპზე, ვიცით, რომ ყველაზე უფრო ზარალდება ტურიზმი და მისი მომიჯნავე სექტორები.
უახლოეს პერიოდში, ჩვენ გამოვალთ ბიუჯეტის კორექტირებით და გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესეც ერთ-ერთი სტიმულირების მექანიზმია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.