იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ახალი ზომების შემოღების შესახებ განაცხადა. კერძოდ, დაიხურება ნებისმიერი კომერციული დაწესებულება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
"გვესმის, რომ უნდა ვიმოქმედოთ ეტაპობრივად, მაგრამ დადგა დრო წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ. ვხურავთ ყველა კომერციულ დაწესებულებას, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა", - განაცხადა კონტემ.
მისი თქმით, დაიხურება მაღაზიები, ბარები, რესტორნები, სილამაზის ცენტრები. მისივე თქმით, მუშაობას გააგრძელებენ ბანკები, ფოსტა, სადაზღვევო და საფინანსო კომპანიები.
აღნიშნული ზომები იმოქმედებს 25 მარტამდე.
იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში კიდევ 2 ათასით გაიზარდა და 12 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 827 ადამიანი.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული.