სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19.
გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.