რეალური სტატისტიკის და ინფიცირების შემთხვევების მაქსიმალურად გამოვლენისთვის საჭიროა COVID19-ზე ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მოხდეს შესაძლებელი ინფიცირების შემთხვევების დროული გამოვლენა და სიტუაცია არ გაგვექცეს ხელიდან, შესაძლებელი უნდა იყოს ახალი კორონავირუსის COVID-19 დიაგნოსტიკა არა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში, არამედ ჩვეულებრივ კლინიკურ ლაბორატორიებშიც ისე, როგორც ეს ხდება მაგალითად გრიპის ვირუსების ტიპების დადგენის შემთხვევაში.
„მხოლოდ ის მექანიზმი, რაც ახლა არსებობს, არ არის საკმარისი. მოგეხსნებათ, რომ ხშირ შემთხვევაში ვირუსი მიმდინარეობს ნაკლები სიმპტომატიკით ან საერთოდ უსიმპტომოდ და ამავე დროს პირი გადამდებია სხვებისთვის. შესაბამისად, ასეთი პირები ვერ მოხვდებიან ინფექციურ საავადმყოფოში და მათი მასალაც ვერ გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული ინფიცირებული პირები, რომლებსაც ამბულატორიული მკურნალობა ესაჭიროებათ ან უსიმპტომოები არიან დარჩებიან ტესტირების გარეშე და ერთი, ისინი გამოვარდებიან ზოგადი სტატისტიკური სურათიდან და მეორე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სათანადო მკურნალობის ან იზოლაციის გარეშე ისინი გახდებიან ინფექციის გავრცელების წყაროები. აქედან ამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების მატების პირობებში საჭირო იქნება ტესტირებაზე დამატებითი ხელმისაწვდომობის შექმნა ჰოსპიტალური თუ ამბულატორიული პაციენტებისთვის. ეს საჭიროა ქვეყნის შიგნით რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დასადგენად და შესაბამისად, უფრო ეფექტური ნაბიჯების გადასადგმელად მის საპასუხოდ.
საჭიროა ჯანდაცვის სამინისტრომ იმოქმედოს ძალიან სწრაფად რომ მოხდეს სანდო და ვალიდური ტესტების დროულად შემოტანა, რეგისტრაციის, ნებართვების და საჭირო ლიცენზიების დროული გაცემის და ბიუროკრატიული მექანიზმების გვერდის ავლით“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.