კლინიკურად ყველაზე მეტად საყურადღებოა მეოთხე შემთხვევა, რომელიც დღეს გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "დღევანდელ საღამოს ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის ცხრა დადასტურებული შემთხვევა".
მისი თქმით, დღეს დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა, სწორედ ამ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ 25 პირს შორის დადასტურდა.
გამყრელიძის განცხადებით, ყველა პაციენტი უკვე მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა, კლინიკურად ყველაზე მეტად საყურადღებოა მეოთხე შემთხვევა, რომელიც დღეს გამოვლინდა.
"ყველა შემთხვევა ამ ეტაპზე კლინიკურად გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ დადასტურებული მეოთხე შემთხვევა, შედარებით წინა სამ შემთხვევასთან, საყურადღებოა კლინიკურად. მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და მკურნალობა.
დანარჩენი ხუთი ადამიანი დღეს იქნენ მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს კლინიკური მეთვალყურეობა და კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულები არიან და დაუდასტურდათ კორონავირუსი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.