ევროპარლამენტის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს უგზავნიან.
ევროპელი კანონმდებლები წუხილს გამოთქვამენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის გამო და ხელისუფლებას დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმომწერი, ევროკავშირის დიდი ხნის პატრნიორია, თავისი უნიკალური ადგილით ევროპულ სამეზობლოში.
ჩვენ, როგორც საქართველოს ნამდვილი მოკავშირეები, ევროპარლამენტის წევრები, შეშფოთებულები ვართ საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და სამართლის უზენაესობის უკუსვლით.
ვწუხვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩავარდა და შეშფოთებულები ვართ იმ როლით, რაც მმართველმა პარტიამ შეასრულა ამ კანონპროექტის ჩავარდნაში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს და ვიმედოვნებთ, საკითხი დროულად გადაწყდება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები და შეასრულოს დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.
ვგმობთ, 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს სამართლადამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებულად გამოყენებასა და დიდი რაოდენობით ადამიანების დაშავებას.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალის გადამეტებული გამოყენებით დაშლა მიუღებელია.
სამოქალაქო საზოგადოება მთავრობაზე მეთვალყურეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებაა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ გამოირჩეოდა გამჭვირვალეობითა და დამსახურებებზე დაფუძნებული ობიექტურობით.
მოქალაქეები უნდა ენდობოდნენ სასამართლოს და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ისეთი მოსამართლეების არჩევა, რომლებიც შესაბამისობაში არიან მაღალ პროფესიონალურ და რეპუტაციულ სტანდარტებთან.
იმისათვის, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და შეწყდეს სასამართლოს პოლიტიკური გავლენის მოხდენა, შენარჩუნებული უნდა იყოს აქამდე მიღწეული პროგრესი.
თუ გავითვალისწინებთ პარტიის თავჯდომარის მუქარას, რომელიც ოპოზიციის წევრებს ციხით ემუქრება, ასევე მივიწყებული საქმეების გახსენებას ან ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის პატიმრობის ან გამოძიების ქვეშ ყოფნას, ჩანს, რომ პოლიტიკური გავლენა მართლმსაჯულებაზე მზარდია.
აღსანიშნავია გიგი უგულავას საქმე, რომლიც კითხვებს ბადებს პროცედურის, დროისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ.
საქართველო ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორი ჰიბრიდულ ომში. შესაბამისად, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია ბრალდებები, რომ მთავრობას აქვს კავშირი იმ დეზინფორმაციულ კამპანიასთან, რომელშიც Facebook-ის ცნობით, ასობით ყალბი ანგარიში და ჯგუფი იყო ჩართული.
საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის სანდო და ღირებული პარტნიორი და მუდამ აჩვენებდა თავის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმების მიმართ.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყურადღებით მოეკიდონ ამ წერილს და გადაჭრან მასში მოხსენიებული საკითხები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის.
ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ყველა დემოკრატიულ პროცესში და ველით საქართველო-ევროკავშირის უფრო ძლიერ პარტნიორობას მომავალში", - ნათქვამია წერილში.
წერილის ხელმომწერებში არიან მწვანეების ევროპული კავშირის 10 წევრი, ევროპის სახალხო პარტიის 6 წევრი, სოციალ-დემოკრატების 7 წევრი, ევროპის განახლების ჯგუფის 3 წევრი.

