საქართველოს მთავრობამ შესაბამის ქვეყნებთან გამართული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო რჩებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული პროტოკოლის დაცვით, შესაბამისი ტრანსპორტით საქართველოში ჩამოიყვანა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შემოწმება გაიარეს და სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაყვანილ იქნენ საკარანტინე დაწესებულებაში.