2020 წლის მარტში, საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის (10-12 მარტი), ლაიფციგისა (12-15 მარტი) და პარიზის (20-23 მარტი) წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე ეროვნული სტენდებით უნდა წარმდგარიყო სლოგანით Follow the Journey of Georgian Charachters.
2020 წლის 20-23 მარტს უნდა გამართულიყო პარიზის წიგნის ბაზრობა - Salon du Livre de Paris, სადაც საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგებოდა მრავალფეროვანი ლიტერატურულ-კულტურული პროგრამით. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, პარიზის წიგნის ბაზრობა გაუქმდა და ჩატარდება 2021 წელს.
პარიზის წიგნის ბაზრობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის წიგნის ბაზრობებს შორის. ყოველწლიურად 3000-მდე ავტორი და გამომცემელი ხვდება მკითხველს და წარადგენს ახალ წიგნებს.
საქართველოსთვის ამ ბაზრობაზე მონაწილეობა ქართული ლიტერატურის ფრანკოფონიულ ქვეყნებში პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა, და ქართველ და ფრანკოფონ გამომცემლობებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ქართული ლიტერატურისთვის განსხვავებული ბაზრის ათვისებას ნიშნავს.
ასევე, 2021 წლამდე გაუქმდა ლონდონის წიგნის ბაზრობა - London Book Fair, სადაც 10-12 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით მერვედ წარდგებოდა და ქართველი გამომცემლები ბიზნეს შეხვედრებს გამართავდნენ უცხოელ კოლეგებთან.
მანამდე გაუქმდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობა - Leipziger Buchmesse. მასზე 12-15 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით უნდა წარმდგარიყო უკვე მეცხრედ.
ქართველი მწერლები და ილუსტრატორები ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით მაჭავარიანი (კაკადუ), ლია სტურუა, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა და თეონა დოლენჯაშვილი ბაზრობის ტერიტორიაზე და ლაიფციგის სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ დაწესებულებაში გეგმავდნენ შეხვედრების გამართვას.