4 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარდგება.
სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს. პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.
ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის.
პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებიან, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".