"როსტექნოლოგიას" ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად საბერძნეთში იმყოფება აცხადებს, რომ საზენიტო სარაკეტო სისტემებისათვის გადახდილი ავანსი ირანს უკან დაუბრუნდება. მიწოდების შესახებ კონტრაქტი ანულირებულია. ალჟირში კი "ს-300"-ის პირველი დივიზიონი უკვე ჩავიდა.
რუსეთი ირანისათვის დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას აპირებს, რომელიც ირანმა კომპლექს "ს-300"-ის მიწოდებისათვის რუსეთს გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსტექნოლოგიის" ხელმძღვანელზე სერგეი ჩემეზოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთმა ირანისათვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების "ს-300"-ის მიწოდების შესახებ კონტრაქტის ანულირება მოახდინა და ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანისათვის გადახდილი ავანსის დაბრუნების თაობაზე. "ს-300"-ი ირანისათვის აკრძალულია. არსებობს გაეროს გადაწყვეტილება, არის პრეზიდენტის ბრძანება, რომლებიც ირანისათვის ამ სარაკეტო სისტემების მიწოდებას კრძალავს", _ აცხადებს ჩემეზოვი.
მისივე თქმით, სწორედ გაეროს გადაწყვეტილებისა და პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე რუსეთმა ამ კონტრაქტის ანულირება მოახდინა და "ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თუ როგორ დავფაროთ ის დანახარჯი, რომელიც ირანმა გაიღო. ამჟამად მზადდება დოკუმენტაცია, რომელიც ირანის მიერ რუსეთისათვის გადახდილი ავანსის დაბრუნებას ეხება. კონტრაქტის საერთო ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარი იყო", _ აცხადებს ჩემეზოვი.
აღსანიშნავია, რომ ირანის პარლამენტის ნაციონალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალაედინ ბორუჟერდი, რუსეთის მიერ ირანისათვის "ს-300"-ის სისტემების უარის თქმის საპასუხოდ აცხადებს, რომ _ "ეს საკითხი სასამართლოში გადაწყდება და ამ შემთხვევაში რუსეთმა ირანს თავის უარის გამო შესაბამისი კონსულტაცია უნდა გადაუხადოს. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი თავის ვალდებულებებს შეასრულებს", _ აცხადებს ირანელი პარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ ირანისათვის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების "ს-300"-ის მიწოდების შესახებ კონტრაქტი რუსეთსა და ისლამურ რესპუბლიკას შორის ჯერ კიდევ 2007 წლის ბოლოს გაფორმდა. რუსეთს ირანისათვის საზენიტო სისტემების ხუთი დივიზიონი უნდა მიეწოდებინა. კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო კი შესაძლოა რუსეთს კონტრაქტის ღირებულების 10% -ის გადახდამ მოუწიოს ეს კი 80 მილიონი აშშ დოლარია.
ირანისათვის "ს-300"-ის კომპლექსების მიწოდების აქტიური წინააღმდეგი იყო ისრაელი და აშშ. მათი აზრით, ირანისათვის "ს-300"-ის მიწოდებას შესაძლოა რეგიონში ძალთა ბალანსი დაერღვია.
მიმდინარე წლის 9 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა, რომელთა მიხედვითაც ირანისათვის მძიმე შეიარაღების ექვსი სახეობის მიწოდება აიკრძალა. სანქციების ქვეშ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებიც მოხვდა.