პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ რაიმე გართულება არ აღენიშნებათ.
მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.
უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას.
აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებასაც.