სერიოზული გამოწვევაა ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც ბოლო აუდიტის დასკვნაც ადასტურებს, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ჯანდაცვის სპეციალისტი, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორო სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკა და ტენდენცია მეტყველებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, არსებობს რამდენიმე გარემოება და გამოწვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების პირობებში.
„თავს ვიკავებდი სამთავრობო სტრუქტურების მძაფრ კრიტიკაზე, რადგან თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არ შევქმნათ პანიკა. თუმცა, არსებული ვითარებასა და სისტემის გაუმართაობაზე თვალის დახუჭვა, ასევე უპასუხიმგებლობაა“, - ამბობს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტროს არაკოორდინირებულ მოქმედებს, მოუმზადებელია საკარანტინე სივრცეები ადამიანების მისაღებად, სათადარიგო ჰოსპიტალების შერჩევა ხდება მხოლოდ დღეს, ვირუსის მსოფლიოში გავრცელებიდან 2 თვის და ქვეყნის შიგნით საგანგებო შტაბის შექმნიდან 1 თვის თავზე.
„მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ძალიან მაღალი დონის ინფექციონისტები, მათ უწევთ საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობა. გარემოში, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მსოფლიო სტანდარტებს. გადამდები ინფექციებისთვის საჭირო ბოქსირებული პალატების 70-იანი წლების აღჭურვილობა კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც COVID-19-ის შემთხვევაში, ასევე, ნებისმიერი სხვა ინფექციის მზადყოფნისთვის ბოქსირებული პალატებში მინიმუალური სტანდარტების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს ჩიხლაძე.
მისივე ქმით, სერიოზული გამოწვევაა ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც ბოლო აუდიტის დასკვნაც ადასტურებს.
„შესაბამისად, სხვა ჰოსპიტალებში პაციენტების გადაყვანის შემთხვევაში, ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. სამედიცინო პერსონალის უწყვეტ რეჟიმში გადამზადება და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა არის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ ამ მხრივ სათანადო მზაობასაც ვერ ვხედავ. სამედიცინო მარაგების მართვა და კონტროლი, მათ შორის დამცავი საშუალებების (სპეციალური ნიღბები, სათვალეები, სამედიცინო ფორმები და ა.შ) არის ჯანდაცვის სიტემის კიდევ ერთი გამოწვევა, რაზეც სამინისტროს სერიოზულად აქვს სამუშაო“, - ამბობს ჩიხლაძე.