საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებულ პირს ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი საქართველოში პირველად დაუდგინდა. ორივე მათგანს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს.
“ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ისინი ერთად გახლდნენ ირანში. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ სამივე დაავადებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აგრძელებენ მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნასა და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 წლის ქალს დაუდასტურდა.