კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული, ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს.
საუბარი შეეხო საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები. ასევე სახმელეთო საზღვრებზე არსებული სიტუაცია.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო ცდილობს ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდას იმისათვის, რომ საფრთხე რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს საქართველოს მინიმალურად შეეხოს.
"მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები. გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, თუმცა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
თბილისში მობილიზებული არის, როგორც ინფექციური ასევე ბოჭორიშვილის საავადმყოფო, ასევე ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა კლინიკა პაციენტებისგან და ჩვენ გვაქვს შესაბამისად აქ საკმარისი საწოლფონდი იმისათვის, რომ დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება.
მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა.
მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იზოლაციის ან თვითიზოლაციის საკითხი, დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი მაგრამ იყო შესაძლო კონტაქტში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან.
"იზოლაცია შეიძლება განხორციელდეს ორი გზით, ეს არის თვითიზოლაცია როდესაც ეპიდემიოლოგი აფასებს მოგზაურის შესაძლებლობას უზრუნველყოს საკუთარი თავისთვის იზოლირებული სივრცე ისე, რომ არ იყოს კონტაქტში ოჯახის წევრებთან და სხვა გარშემომყოფებთან. ეს არის დასაშვები ფორმა და ასევე არის იზოლაცია სპეციალურად ამისთვის მოწყობილ ადგილებში, რასაც ჰქვია საკარანტინო ადგილი. დღეისათვის არის 200-მდე საკარანტინო ადგილი გამოყოფილი საჩხერეში, აბასთუმანში და თბილისში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, თბილისში მზადდება დამატებითი ადგილები, რადგან ეტაპობრივად, იტალიიდან მოგზაურები ბრუნდებიან ქვეყანაში.
"მართალია ირანიდან მოგზაურთა რაოდენობა, ბოლო ხანებში, მკვეთრად შემცირდა , თუმცა იტალიიდან და ევროპიდან მოსალოდნელია, რომ მოგზაურების რაოდენობა იყოს ისევ მაღალი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ადგილები გამზადებული გვქონდეს და ასევე აქტიურად განვიხილავთ თვითიზოლაციის შესაძლებლობას, ეპიდემიოლოგების მიერ წინასწარი შეფასების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ შემთხვევები მართოს. იქნება ეს მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე შემთხვევა.