"საქართველოს ბანკი" ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. საუბარია ქალზე, რომელსაც დღეს დაუდგინა კორონავირუსი და საქართველოში რიგით მეორე ინფირირებულად ითვლება.
"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი.
ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები", - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსნებთ, საქართველოში კორონავირუსის უკვე ორი შემთხევაა დაფიქსირებული, კორონავირუსი დაუდგინდა 50 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან ჩამოვიდა და 31 წლის ქალს, რომელიც საქართველოში მილანიდან 26 თებერვალს დაბრუნდა.