კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ-კონგი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები.
გთხოვთ, იხილოთ ბმული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ვინც უკვე იმყოფება ამ ქვეყნებში, დაიცვან ადგილობრივი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.
აღნიშნულ ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ:
საქართველოს მოქალაქეების და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა:
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, შეეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა;
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაციის რეჟიმი, უკან დაბრუნება) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები;
საქართველოს მოქალაქეები და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირები:
რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას და 14 დღიანი კარანტინის პროცედურას.
რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, ან თვითიზოლაციის რეჟიმი) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები;
საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილების მძღოლებს შეეხებათ იგივე პროცედურები და წესები, რომლებიც ჩამოთვლილია ფიზიკური პირების ნაწილში (ნაწილი 1).
საქართველოში დაშვებულია ნებისმიერი მესამე ქვეყნის საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის მიმართულებით.
არ არის დაშვებული მესამე ქვეყნების საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის ტერიტორიიდან საქართველოში, ან მესამე ქვეყნებში.