დღეს, სტრასბურგში, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომლითაც მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობა აღნიშნული მიმართულებით რეკომენდაციისა და სტრატეგიის მიღების მოთხოვნით გამოვიდა, რაც ევროსაბჭოს სამართლებრივი ბაზის სრულყოფას ისახავს მიზნად.
საქართველოს თავმჯდომარეობის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ" ბერნის 1979 წლის კონვენციისა და „ევროპის ლანდშაფტის" შესახებ 2000 წლის კონვენციის გარდა, ევროსაბჭომ შეიმუშავა შემდგომი სამართლებრივი სტანდარტები, რომელთა განხორციელებისა და შემდგომი სრულყოფის პროცესში აუცილებელია თანამედროვე ეკოლოგიური და კლიმატური გამოწვევების გათვალისწინება.
საქართველოს თავმჯდომარეობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს პრეცედენტული სამართლის ახალი მაგალითებით განმტკიცებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საჩივრების პრიორიტეტული წესით განხილვისკენ მოუწოდებს.
ადამიანის უფლებებისა და გარემოს შესახებ რეკომენდაციის შემუშავების გარდა, საქართველოს თავმჯდომარეობა ასევე ხუთ პრიორიტეტიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის, კერძოდ:
•ცნობიერების ამაღლება და პროფესიული ტრენინგები; უკვე დაწყებულია პროგრამა HELP-ის ფარგლებში ელექტრონული სასწავლო კურსის მომზადება;
•თანამშრომლობის პროგრამები, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა მდგრადობის პოლიტიკის განსაზღვრისა და იმპლემენტაციის პროცესში;
•კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სტრატეგიების განვითარება სახელმწიფო დონეზე;
•წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური კოორდინაცია, საერთაშორისო ზემოქმედების გაძლიერების მიზნით;
•ევროსაბჭოს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება, გარემოზე მისი საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით.