17 პაციენტიდან 11-ს კვლევა უკვე ჩაუტარდა და მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, - განცხადება რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
მან ჟურნალისტებს ბოლო სტატისტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში სულ 28 პაციენტი რჩება.
"გუშინ ცენტრი დატოვა 6-მა პაციენტმა და ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ასევე, გუშინ შემოიყვანეს 17 პაციენტი, ხოლო კვლევა ჩაუტარდა 11 მათგანს. თითოეული ტესტის აღებას სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს ყველა პაციენტის გამოკვლევა. გუშინ 3 ეტაპად გადავწყვიტეთ ანალიზების ჩატარება. 11 პაციენტის პასუხი უარყოფითია. დღეს შუადღისთვის იქნება ცნობილი დანარჩენი პაციენტების პასუხები. სიტუაცია სტაციონარში სტაბილურია", - განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს საქართველოშო კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოდიოდა, რა დროსაც ის საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.