დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან იტალიის მიმართულებით სიხშირეებს, დროებით, ამცირებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, Wizz Air-ი ქუთაისიდან მილანის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით დაფრინავდა, თუმცა სიხშირეების შემცირების შემდეგ ავიაკომპანია ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) მოახდენს. სიხშირეების შემცირება ეხება 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პერიოდს.
ქუთაისი-რომის მიმართულებაზე სიხშირეები შემცირდება 18 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში. ქუთაისი-რომი-ქუთაისის მიმარულებაზე Wizz Air-ი კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათი-შაბათი) ოპერირებდა და 25 მარტამდე კომპანია რეისებს მხოლოდ შაბათობით განახორციელებს.
რაც შეეხება ბოლონიის მიმართულებას, 17 მარტიდან 24 მარტამდე Wizz Air-ი ფრენებს კვირაში ორი სიხშირის ნაცვლად, მხოლოდ ერთი სიხშირით განახორციელებს. ქუთაისი-ბარი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე კი 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდა 3 ფრენა
Wizz Air-ის გადაწყვეტილება უკავშირდება იტალიაში დაფიქსირებული კორონოვირუსის შემთხვევებს, რომლის გამოც ფრენებზე მოთხოვნა შემცირდა.