შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.
ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში.
მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.
აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.
რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.
საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.
ასევე, გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება.