ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, დროულად იქნა აღმოჩენილი. მინისტრის განმარტებით, მიმდინარე წლის იანვრიდან უწყებათაშორისი კომისია კოორდინირებულად მუშაობს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გუშინდელ დღემდე კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა საქართველოში.
„ვადასტურებ, რომ 28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო ძალიან კოორდინირებულად მუშაობს. მადლობას ვუცხადებ ყველა ორგანოს, რომელიც ჩვენთან ასე ხარისხიანად და ეფექტურად თანამშრომლობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გუშინდელ დღემდე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ აღარ მომხდარა შემდგომი კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.