კორონავირუსი არის სერიოზული ვირუსი, თუმცა ყველაფერი შედარებითია და არც ისეთი საშიშია, როგორც მისი წინამორბედი ვირუსი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მისი თქმით, აუცილებელია მიმოსვლის შეზღუდვა ჩინეთთან, ირანთან, იტალიასთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ვირუსის მაღალი რისკია.
"მოსახლეობას ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მაღალი რისკის ქვეყნებში არ გაემგზავრონ. იტალიის ჩრდილოეთით ნაწილში არის გარკვეული შეზღუდვები. დანარჩენი რეკომენდაციები, რაც შემიძლია გავცე ეს არის კარგი ჰიგინური პირობების დაცვა. სველი წესით სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დამუშავება, თავი ავარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ქირურგიული პირბადის ხმარება და ხელების ხშირად დაბანა - ეს არის აუცილებელი. ხველების და სხვა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ადამიანებს კლინიკებში ჩაუტარდებათ კვლევები და ნაცხი გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. კორონავირუსი არის სერიოზული ვირუსი, თუმცა ყველაფერი შედარებითია და არც ისეთი საშიშია, როგორც მისი წინამორბედი ვირუსი“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. 50 წლის მამაკაცი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"პაციენტი საბაჟოდან სიმპტომების დაფიქსირების გამო პირდაპირ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში", - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.