პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა.
საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინზე განაცხადა.
ვირუსი საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. 50 წლის მამაკაცი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"პაციენტი საბაჟოდან სიმპტომების დაფიქსირების გამო პირდაპირ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში", - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.