საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინზე განაცხადა.
ვირუსი საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. 50 წლის მამაკაცი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"პაციენტი საბაჟოდან სიმპტომების დაფიქსირების გამო პირდაპირ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში", - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.