ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება 4 ადამიანი - არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ყველა მათგანი კლინიკას დღეს დატოვებს. COVID-19 გამოირიცხა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალგაზრდა ქალის შემთხვევაშიც.
ვირუსოლოგები ამბობენ, რომ რისკები მომატებულია, თუმცა ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ საზღვრებზე პრევენციული კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცროს.
"ჯერჯერობით 4 კაცი რჩება ჩვენთან, ოთხივე ქართველია. მხოლოდ ერთს აქვს მაღალი ტემპერატურა, 3-ს ტემპერატურა არ აქვს. კლინიკური და წინასწარი მონაცემებით, არცერთი მათგანის დაავადება არ ჰგავს ახალი კორონავირუსით ინფექციას. გადამწყვეტი მაინც ყოველთვის არის სპეციფიკური ტესტი”, - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.