სახელგანთქმულმა ესპანელმა ტენორმა პლასიდო დომინგომ, მიყენებული ზიანისა და ტკივილის გამო, ბოდიში მოუხადა ქალებს, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
პლასიდო დომინგო სექსუალურ შევიწორებასა და არასათანადო მოპყრობაში 20-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა. მიუხედავად მის მიერ გამოთქმული სინანულის განცხადებისა, ის ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.
"ვაფასებ, რომ ამ ქალებმა საბოლოოდ თავი საკმარისად კომფორტულად იგრძნეს იმისათვის, რათა ხმამაღლა ელაპარაკათ. მინდა, მათ იცოდნენ, რომ ძალიან ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რაც მათ მივაყენე. სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე", - თქვა დომინგომ განცხადებაში, რომელიც Los Angeles Times-მა გაავრცელა.
საოპერო მომღერლის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის ხელოვანთა გილდიამ სექსუალური შევიწროების საქმეზე შიდა მოკვლევის შედეგები წარადგინა.
მოკვლევის მიხედვით, პლასიდო დომინგოს ურთიერთობები ქალებთან იწყებოდა ფლირტით და გრძელდებოდა სექსუალურ შევიწროებამდე, სამუშაო ადგილზე ან მის გარეთ.
გასული წლის აგვისტოს თვეში ცნობილი გახდა, რომ ცნობილ საოპერო მომღერალს 9 ქალი უყენებდა ბრალდებას "გასახდელ ოთახებში არასწორად მოქცევის, კოცნის მცდელობებისა თუ შეხვედრების დაჟინებული მოთხოვნების" გამო.
მოგვიანებით, კიდევ 11-მა ქალმა დასდო ბრალი დომინგოს სექსუალურ შევიწორებაში.
სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო პლასიდო დომინგომ გასული წლის სექტემებრში ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა დატოვა.
ბრალდების შემდეგ პლასიდო დომინგოს ლოს ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვებაც მოუწია.