აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას, საქართველოსთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური დადებითად აფასებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, ეს ნიშნავს იმას, რომ იწყება მნიშვნლეოვანი გარღვევები სტრატეგიული მიმართულებებით.
"სახელმწიფო მდივანმა აქცენტი 4 ძირითად მიმართულებაზე გააკეთა. კერძოდ კი ისაუბრა საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და დემოკრატიულ რეფორმებზე. ყველა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მესიჯები იყო გაგზავნილი. საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს და ეს უდაოდ მისასალმებელი ფაქტია,'" - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
წიკლაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა'2012 და 2013 წლის არჩევნებისთვის არანაირი კითხვები არ დარჩეს.
ჰილარი კლინტონმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზეც. წიკლაური არ თვლის, რომ ეს კრიტიკული განცხადება იყო.
"ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია. საკითხის განხილვის გადადება არარაციონალური და პოლიტიკური ვაჭრობის საგანია,-"' აღნიშნავს წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას ითქვა, უმჯობესი იქნება, თუკი საქართველო ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას დაელოდებოდა. დასკვნა 15 ოქტომბრისთვის იქნება მზად. სავარაუდოდ, ამ დასკვნაში აისახება მანამდე გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნებში დაფიქსირებული შენიშვნებიც.