"ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს აყვავდება ია," - ამ სიტყვებით ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იქნება თუ არა თეა წულუკიანი 2020-ის საპარლამენტო სიაში, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ. იმიტომ რომ დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე. რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხებათ. მაგრამ რაც შეეხება სიმართლეს, რასაც თქვენ, რა თქმა უნდა, არ გააშუქებთ და არ დაიჯერებთ, არის ის, რომ მე არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში, ეს არის სიმართლე. მე არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
"დაელოდეთ გაზაფხულს,"- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.