ვენეციაში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 23-25 თებერვალს დაგეგმილი ტრადიციული კარნავალი გაუქმდა. ამის შესახებ განაცხადა ვენეტოს რეგიონის ხელმძღვანელმა ლუკა ზაიამ. იტყობინება Deutsche Welle-ი.
მისი თქმით, ვენეტოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის ორი მოხუცი ადამიანი ვენეციის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საერთო ჯამში, იტალიაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 130 ადამიანს გადააჭარბა. მათი უმეტესობა - 89 შემთხვევა - ლომბარდიის რეგიონშია დაფიქსირებული, რომელიც ვენეტოს რეგიონს ესაზღვრება, სადაც ვენეცია მდებარეობს.
იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე მათგანი 70 წელს გადაცილებული იყო.
ქალაქ კრემონში კი, დროებით დაიხურა სკოლები და აიკრძალა დემონსტრაციები. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლების დატოვებისგან. სასწავლო პროცესის შეწყვეტას გეგმავენ ვენეტოშიც.
ტრადიციული კარნავალი ვენეციაში 8 თებერვალს დაიწყო და 25 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.