ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავის ძალისხმევას დიპლომატიური კუთხითაც გააძლიერებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა აშშ-ს სახელმწიფომ მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის წლიური შემაჯამებელი სხდომაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ნათელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საქართველოს წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მისამართით გაჟღერებული მკაცრი მოთხოვნა, რომელიც საქართველოს დეოკუპაციას ეხებოდა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გოგოლაშვილმა.
მისივე შეფასებით, ჰილარი კლინტონის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ თავდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას გააგრძელებს.
"საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც დონორი სახელმწიფო ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმას დადებით შეფასებას აძლევს, ეს ნიშნავს, რომ ამ კუთხით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ამაში საქართველო გამონაკლისი არ იქნება და კლინტონის მიერ ჩვენი თავდაცვის რეფორმის დადებითად შეფასება ნიშნავს, რომ თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ექსპერტმა.
გოგოლაშვილის შეფასებით, აშშ-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შედეგად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში დაინახოს, მათ შორის ძირითადი აქცენტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე კეთდება, რადგან შეერთებულ შტატებს სურს საქართველოში იხილოს ისეთი არჩევნები, რომელიც კითხვის ნიშნებს აღარ დატოვებს.