ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქეს ჩამოიყვანენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს.
მისი თქმით, სპეცრეისი ჩინეთიდან რამდენიმე საათში განხორციელდება.
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში ეპიდემიოლოგებისგან და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აღენიშნება, მაგრამ მიუხედავად ამისა სიფრთხილის გამო ისინი კარანტინს საჩხერეში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროში გაივლიან.
"ეს მოქალაქეები გარკვეული ხნის განმავლობაში ჩინეთში სხვადასხვა ლოკაციებზე იმყოფებოდნენ. მოხერხდა მათთან დაკავშირება და გაირკვა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჰქონდათ თუ არა სურვილი საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თავად ტრანზიტული რეისებით დაბრუნდნენ სხვადასხვა დროს. ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეშ, საფრანგეთის და თურქეთის ხელშეწყობით კარანტინის შემდეგ უკვე დაბრუნდნენ ქვეყანაში.
დღეს ველოდებით საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლების საქართველოში დაბრუნდებიან. მათ დახვდებათ ეპიდემიოგებისგან და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა.
მათ გამოფრენამდეც ჩაუტარდათ წინასწარი შემოწმება. არცერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი, რომ კორონავირუსი აღენიშნებოდეთ. თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, გათვალისწინებულია 2 კვირიანი კარანტინის გავლა. ეს მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კარანტინის გავლა იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.