ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს.
"საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს, ქართულ ვებგვერდებზე, მათ შორის სატელევიზიო ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან GRU/რუსეთის ფედერაცია იყო.
ვგმობ ასეთ დამაზიანებელ ქმედებებს და განსაკუთრებულად ხაზს ვუსვამ პროგნოზირებად წესებზე დაფუძნებულ და უსაფრთხო სივრცის; კიბერუსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას, საქართველო ნატოს ახლო პარტნიორია და მოკავშირეები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
ნატო განაგრძობს საქართველოს მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის კიბერთავდაცვის საკითხში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.
კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული შეტევა დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, დანიამ, ჩეხეთმა, ნორვეგიამ, ლიეტუვამ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ.