მონტენეგრო უერთდება დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე სხვა პარტნიორებს და გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევებს.
"ვიზიარებთ შეშფოთებას ამ ქმედებების გამო, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და კანონზე დაფუძნებულ წესრიგს. საქართველო რჩება მონტენეგროს ღირებულ პარტნიორად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.
კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული შეტევა დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, დანიამ, ჩეხეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლიეტუვამ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ.