შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს და რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ამერიკის ხმას პენტაგონის წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა უთხრა.
პენტაგონის განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ [გრუ] საქართველოს წინააღმდეგ ფართო-მასშტაბიანი კიბერ-თავდასხმა განახორციელა. ინციდენტმა სამთავრობო და კერძო ვებ-გვერდების, სამაუწყებლო სისტემების მუშაობა შეაფერხა და „გავლენა იქონია საქართველოს მთელ მოსახლეობაზე.“
"ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის,“ ნათქვამია განცხადებაში.
ვიცე-პოლკოვნიკი გლისონის თქმით, პენტაგონი შეუერთდა „საეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს.“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.
კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული შეტევა დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, დანიამ, ჩეხეთმა, ნორვეგიამ, ლიეტუვამ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ.
ფოტო: AP