ლიბიის კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით, სამშვიდობო კონფერენცია ამჯერად რომში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ლიბიაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ღასან სალამემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენცია მარტში გაიმართება.
ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია 2020 წლის 19 იანვარს ბერლინში გაიმართა, ანგელა მერკელის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო. ამჟამად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა გამეფებული.
აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დასავლეთ ნაწილს, დედაქალაქ ტრიპოლში, მართავს გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რომელსაც ჰაფთარი ხელმძღვანელობს.