ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იოშირო მორი ირწმუნება, რომ კორონავირუსი არ მოახდენს გავლენას ღონისძიების გრაფიკსა და მიმდინარეობაზე და ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის.
"მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ტოკიოში თამაშების გაუქმების ან გადადების საკითხი არ განიხილება", - თქვა მორიმ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეხვედრის დროს.
იოშირო მორიმ, რომელიც იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, დასძინა, რომ საორგანიზაციო კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან და ასე გაგრძელდება თამაშების მიმდინარეობის დროსაც.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.
პარაოლიმპიური თამაშები კი იაპონიის დედაქალაქში 2020 წლის 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე გაიმართება.
ამჟამად იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 203 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, რომელთაგან 174 Diamond Princess საკრუიზო ხომალდზე იმყოფება, რომელიც ტოკიოს მახლობლად მდებარე საპორტო ქალაქ იოკოჰამაშია დაყოვნებული.