"ქართული ოცნების" გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე "პირველ რიგში ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს".
"სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე პირველ რიგში ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს.
ჩვენს მიდგომებს რამდენიმე მაგალითიც ადასტურებს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ: ბათუმის მერი, რომელიც კორუფციის ბრალდებით იქნა დაკავებული, კორუფციის ბრალდებით ასევე დაკავებული იქნა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე; ასევე გასამართლდა ზუგდიდის მერი და არაერთი სხვა თანამდებობის პირი, რომლებსაც შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა 7, 12 წლით, 2 წლით და ასე შემდეგ.
რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს - უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების, 50 მლნ ლარამდე გაფლანგვაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით ზემოთ ჩამოთვლილი პირების მსგავსად თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი, არამედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების უკომპრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ.
ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ეს გასაგებია , ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაირღვა და მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს, შეუძლიათ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ", - განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
"პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სახელით ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია.
ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ", - თქვა მდინარაძემ.